English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ იანოშ კორნაი
პატიოსნება და ნდობა გარდამავალ ეკონომიკაში

ყველა ქვეყანაში პატიოსნება და ნდობა ყოველთვის  მნიშვნელოვანი იყო  საზოგადოების განვითარებაში, მაგრამ მათ განსაკუთრებული როლი აკისრიათ  გარდამავალ ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ საერთაშორისო ინტერდისციპლინარულმა კვლევითმა ინსტიტუტმა კოლეგიუმ ბუდაპეშტმა  ჩაატარა ამ პრობლემატიკის ფართომასშტაბიანი კვლევა. სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის წარმომადგენლები 17 ქვეყნიდან - ეკონომისტები, პოლიტოლოგები, სოციოლოგები, იურისტები, ფილოსოფოსები და ანთროპოლოგები - შეიკრიბნენ გამოცდილების გასაზიარებლად და საკუთარი იდეების სამსჯავროზე გამოსატანად. მოცემული სტატია ემყარება აღნიშნული კვლევის შედეგებს. მე ასევე ბევრი რამ ვისწავლე იმ აქტიური დისკუსიების დროს, რომლებსაც მისი მონაწილეები აწყობდნენ. ჩვენ არ ვცდილობდით საერთო დასკვნების გამოტანას და არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს რიგ საკითხებში. ამ სტატიაში ასახულია მხოლოდ ჩემი რამდენიმე იდეა, რომელიც კოლეგიუმ ბუდაპეშტის პროექტში მონაწილეობის წყალობით დაიბადა. იმედი მაქვს ისინი ხელს შეუწყობს ამ სფეროში უფრო დაწვრილებითი კვლევებისადმი ინტერესის გაღვივებას. სტატიაში ყურადღებას გავამახვილებ სამ საკითხზე: ფირმებს შორის ურთიერთობა; სახელმწიფოს შექმნა, რომელსაც შეიძლება ვენდოთ; ნდობის გამყარების სტრატეგია.

ურთიერთობა ფირმებს შორის

 ბაზარი ფუნქციონირებს მყიდველებსა და გამყიდველებს შორის კერძო კონტრაქტების საფუძველზე. მიკროეკონომიკის ერთ-ერთ პირველ ლექციაზე სტუდენტები ეცნობიან მყიდველსა და გამყიდველს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშს, რაც გულისხმობს გამყიდველის მიერ ხელშეკრულებაში მითითებული საქონლის ან მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას,  მყიდველის მხრიდან კი შეთანხმებული ფასის გადახდას.

ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს წერილობითი ფორმით და მისი პირობების მიღება დასტურდება მხარეთა ხელმოწერებით. მაგრამ ხელშეკრულება ასევე ქმედუნარიანად ჩაითვლება, თუ იგი დადებულია ზეპირად, ანუ როდესაც ორივე მხარე წინასწარ ეთანხმება ყიდვა – გაყიდვის პროცესის დადგენილ წესებს. მაგალითად, რესტორნის სტუმრები არ აფორმებენ კონტრაქტს, რომლის თანახმადაც გადაიხდიან ფასს  ჭამის შემდეგ, მაგრამ სუფრასთან ჯდომით ისინი ამყარებენ რესტორანთან სტანდარტულ, ზეპირ ხელშეკრულებას.

სინამდვილეში, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები გარკვეულწილად განსხვავდება მათი იდეალური ნიმუშისგან. სრულყოფილი ხელშეკრულება საერთოდ არ არსებობს. ყველაზე დეტალურ კონტრაქტშიც კი შეუძლებელია ყველა ნიუანსის გათვალისწინება, რადგან რთული კონტრაქტი შეიძლება შეიცავდეს ათასობით პარამეტრს. უფრო მეტიც, ხელშეკრულებაში ჩამოყალიბებულია სამომავლო პირობები, რომლებსაც, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ გაითვალისწინებენ მხარეები.

მყიდველსა და გამყიდველს შორის ხელშეკრულების გაფორმების გარდა, აუცილებელია მათი პატიოსანი საქციელი. სწორედ აქ  არის საჭირო ნდობა. ხელშეკრულების დადებისას, მყიდველი ენდობა გამყიდველს, რომ იგი იქნება პატიოსანი და სრულიად და ხარისხიანად დაიცავს ხელშეკრულებაში მოცემულ საქონლისა და მომსახურების მიწოდების პირობებს. ამავე დროს, გამყიდველი ენდობა მყიდველს, რომ ის გადაიხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხსას. რაც უფრო პატიოსანი არიან მხარეები, მათ შორის უფრო ღრმაა ნდობა და მინიმალურია  გარიგების ხარჯები.

ნდობის ხარისხის გაზომვა შესაძლებელია სხვადასხვა გზით, მაგალითად, წინასწარი გადახდის აქციებით. საინტერესოა, რომ შესაბამისი მაჩვენებელი ბელორუსში, უკრაინასა და რუსეთში დაახლოებით 40%-ია,  ხოლო უნგრეთში, ჩეხეთში და პოლონეთში - დაახლოებით 10%.

მყიდველებსა და გამყიდველებს შორის კერძო ხელშეკრულებების პირობები ხშირად ირღვევა. ბაზრის (და ზოგადად, საზოგადოების) სამართლიანობის კარგი მაჩვენებელია ასეთი დარღვევების სიხშირე და სერიოზულობა. მიუხედავად იმისა, რომ შესწავლილი მონაცემები ამ სფეროში არ გვაქვს, ზოგადად ითვლება, რომ პოსტ-სოციალისტური ქვეყნებში უფრო ხშირად გვხვდება შესაბამისი პრობლემები და  მომწიფებული, ჩამოყალიბებული საბაზრო ეკონომიკისგან  განსხვავებით, მათ ბევრად უფრო სერიოზული სახე აქვს. გარკვეულწილად, ხელშეკრულების დარღვევის სიხშირე და ინტენსიურობა კარგად ასახავს კონკრეტული ბაზრისთვის (და მთლიანად საზოგადოებისთვის) დამახასიათებელი ნდობისა და პატიოსნების ხარისხს. სახელმწიფოს მოუწოდებენ უზრუნველყოს კერძო კონტრაქტების შესრულება. საკითხზე, თუ რა როლი უნდა ითამაშოს მან თანამედროვე დემოკრატიულ საბაზრო ეკონომიკაში, არსებობს ფართო დისკუსია, მაგრამ სახელმწიფოს როლის მინიმუმამდე დაყვანის მომხრეებიც კი არ უარყოფენ მის მნიშვნელობას კერძო კონტრაქტების დაცვის საქმეში. ეს არის კლასიკური  ამოცანა-მინიმუმი სახელმწიფოსთვის. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას იგი ცუდად აკეთებს, განსაკუთრებით გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში.

დავიწყოთ იმით, რომ თავად კანონები არასრულყოფილია. როგორც არ არსებობს სრულყოფილი კერძო ხელშეკრულება, ასევე არ არსებობს სრულყოფილი კანონი. თეორიულად შეიძლება ითქვას, რომ სამართლებრივი ხარვეზები ყოველთვის შენარჩუნდება, მიუხედავად მათი გადაჭრის ყველა მცდელობისა. რაც უფრო ნაკლებად გამოცდილები და სულსწრაფები არიან დეპუტატები თავიანთ საქმიანობაში, მით უფრო შორს არის იდეალისგან მათ მიერ შექმნილი კანონები.

მხარეები, რომლებიც საჩივრით მიმართავენ სასამართლოს ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ეჯახებიან რეალობას, სადაც სასამართლო პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს (პოსტ-სოციალისტური ქვეყნებში ამას შეიძლება კიდევ უფრო დიდი დრო დასჭირდეს, ვიდრე მომწიფრებული დემოკრატიების ქვეყნებში, სადაც უფრო განვითარებული და ეფექტიანი სასამართლო სისტემა გააჩნიათ). კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ სასამართლო შეიძლება იყოს მიკერძოებული ან კორუმპირებული. და ბოლოს, ბევრი პრობლემა არსებობს სასამართლოს განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისი ორგანოები (სასამართლო აღმასრულებელთა სისტემა) სუსტია და შესაძლოა კორუმპირებულიც.

ზოგადად, მას, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფო სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს კერძო კონტრაქტების შესრულებას, უყალიბდება მისდამი უნდობლობა. პროექტის ერთ – ერთმა მონაწილემ, ვ. რადაევმა, მოიყვანა კვლევის მონაცემები, რომლის თანახმადაც რუსეთში გამოკითხულთა მხოლოდ 24% ამბობს, რომ თუ ხელშეკრულების პირობები დაირღვა, ისინი სასამართლოს მიმართავენ.

როგორ დაიცავს თავს კომპანია, თუ არ ენდობა სახელმწიფოს და ეჭვი ეპარება, რომ შეუძლია დაეყრდნოს კანონის უზენაესობას? პირველ რიგში, მისი ხელმძღვანლები დიდხანს იფიქრებენ იმაზე, თუ ვისთან დაიჭირონ საქმე. ყველაზე აშკარა გამოსავალია შემოფარგლონ საქმიანი ურთიერთობები სანდო პარტნიორების წრით, რომელთა საიმედოობაში ეჭვი არ ეპარებათ. ეს აყალიბებს ურთიერთნდობას, მაგრამ ამცირებს პოტენციური კონტრაგენტების რაოდენობას, რაც იწვევს კონკურენციის შესუსტებას.

ამრიგად, არსებობს დაძაბულობა ნდობასა და კონკურენციას შორის ურთიერთქმედებაში: რაც უფრო მეტია ნდობა შერჩევის კრიტერიუმში, მით უფრო ძლიერადაა შეზღუდული კონკურენცია.

პირადი საქმიანი ურთიერთობების გაფართოება შესაძლებელია უფრო დეტალური ინფორმაციის გამოყენებით, თუკი რომელიმე ერთი მხარე შეეცდება წინასწარ მოიპოვის საჭირო ინფორმაცია პარტნიორის შესახებ. მეტ ნდობას ბადებს, თუ პარტნიორი წევრია რომელიმე პროფესიული ასოციაციის ან სავაჭრო პალატის, ეს უფრო მეტ ნდობას ბადებს. ნდობა ასევე  შეიძლება ემყარებოდეს პოტენციური პარტნიორის რეპუტაციას ბიზნეს-საზოგადოებაში, რომელთა წევრები გამოთქვამენ აზრს იმის შესახებ, თუ ვისთან შეგიძლია ურთიერთობა  და ვისთან  - არა.

ეს მიდგომა დამახასიათებელია, მაგალითად, იმ ტურისტების ქცევისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ ჩამოდიან და მანქანის დაქირავება სურთ. ამ ბაზარზე დომინირებს მსხვილი მრავალეროვნული კომპანიები. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ფირმებმა შეიძლება უკეთესი გარიგებები შესთავაზონ თავიანთი ლოკალური კავშირების  წყალობით, ტურისტებს ეუფლებათ შეშფოთება, რომ უცნობმა ფირმამ შეიძლება მოატყუოს ისინი და ამიტომ მიმართავენ ცნობილ მსხვილ კომპანიებს.

თუ ნდობა ემყარება სახელს და რეპუტაციას, ვიდრე  ხელშეკრულების კონკრეტული პირობების ანალიზს, ეს ამცირებს ხელშეკრულების დარღვევის ალბათობას, მაგრამ ასევე ხელს უწყობს კონკურენციის შეზღუდვას. რაც უფრო ძლიერად და ეფექტიანად მუშაობს ნდობის ქსელი, მით უფრო რთულია ბაზარზე გასვლა. თუ ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა პროფესიული ასოციაციის რეკომენდაცია, ამ უკანასკნელს შეუძლია გახდეს კლანი ან კარტელი და გამოავლინოს ანტიკონკურენტული ქცევა. ეს იმ ფაქტის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ არსებობს დაძაბულობა ნდობასა და კონკურენციას შორის.

ვთქვათ, ვინმე აღმოჩნდა არასაკმარისად ფრთხილი და აირჩია პარტნიორი, რომელმაც დაარღვია ხელშეკრულება. დავუშვათ, რომ დაზარალებული მხარე ერთ-ერთი მათგანია, ვინც არასდროს მიმართავს სასამართლოს. რა შეუძლია მას ამ შემთხვევაში? ყველაზე ხშირად  ადამიანები ეგუებიან დანაკარგს, თუმცა ზოგი ამჯობინებს  "კანონის ხელში მოგდებას". მაგალითად, მას შეუძლია რამდენიმე ძლიერი ახალგაზრდა გააგზავნოს "საქმეზე" ბიზნესმენთან, რომელსაც ვალი არ აქვს გადახდილი. გამოკითხვაში, რომელსაც ვ. რადაევი ეყრდნობა, აღნიშნულია: გამოკითხულთა 11% ამბობს, რომ არ იტყვის უარს ძალის გამოყენებაზე ხელშეკრულების პირობების აღსასრულებლად.

 დღეს უნგრეთში ტერმინი "მაფია" ხშირად გამოიყენება ორგანიზებული დანაშაულის თითქმის ყველა სახის დასახასიათებლად. რეალობაში მაფია არის "დამცავი ორგანიზაცია", არალეგალური კერძო პოლიცია, რომელიც იცავს მის "ჭერქვეშ" მყოფი ბიზნესმენების ინტერესებს თუნდაც ძალის გამოყენებით. მისი ერთ-ერთი ტრადიციული ფუნქციაა ფულის შეგროვება და სესხის იძულებით დაბრუნება. ზოგიერთი ბიზნესმენი თვითონ ეძებს მაფიის მფარველობას, სხვებს კი იგი თვითონ აიძულებს თავის სამსახურს. ორივე შემთხვევაში აშკარაა, რომ მაფია (ამ სიტყვის საწყისი გაგებით) აკმაყოფილებს რეალურად არსებულ მოთხოვნილებას. იგი უზრუნველყოფს კერძო კონტრაქტების შესრულებას იქ, სადაც ოფიციალურ იურიდიულ სამსახურებს არ ძალუძთ ამის გაკეთება. მაფია მნიშვნელოვან ძალად იქცევა, თუ კანონმდებლობას მრავალი ხარვეზი აქვს,  სასამართლო სისტემა ნელია და კორუმპირებული, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებები არ სრულდება.

კოლეგიუმ ბუდაპეშტის პროექტის ფარგლებში, იტალიელმა მკვლევარმა ფ. ვარსზსმა გააანალიზა, თუ როგორ ცდილობდა ერთ-ერთი რუსული მაფიოზური სტრუქტურა საერთაშორისო დონეზე გასვლას. მან თავისი საქმიანობა დაიწყო იტალიაში, მაგრამ არა სამხრეთით, სადაც, ასე ვთქვათ, ადგილი დაკავებული იყო, არამედ  ჩრდილოეთით, რომ  დამკვიდრებულიყო პატიოსანი ბიზნესის სფეროში,მსხვილი ლეგალური ინვესტიციების განხორციელების შემდეგ მან დაიწყო რეალური მაფიოზური სერვისების ქსელის შექმნა. ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ეკონომისტების ენაზე პრობლემა იყო მოთხოვნის და არა მიწოდების მხარე. ჩრდილოეთ იტალიაში ბიზნესი ეყრდნობა კანონის უზენაესობას და სახელმწიფოს შესაძლებლობას უზრუნველყოს კერძო კონტრაქტები. აქ მაფიის მომსახურებაზე მოთხოვნა არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ იგივე მაფია  მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდა უნგრეთში, რასაც უნგრეთის პოლიციის მასალებიც მოწმობს. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მსგავს მომსახურებაზე მოთხოვნა იყო   კონტრაქტებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შევეცდებით ჩამოვაყალიბოთ რამდენიმე ზოგადი დასკვნა. კონტრაქტების დადება და დარღვევა არ წარმოადგენს ორი ცალკეული მხარის იზოლირებულ ქმედებას სახელშეკრულებო ურთიერთობაში. გარემო, რომელშიც მზადდება და სრულდება გარიგება, ხასიათდება სამი სახის სოციალური მექანიზმით:

ა) იურიდიულ-სასამართლო-ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კერძო ხელშეკრულების შესრულებას სახელმწიფო იძულების გზით;

ბ) მორალურ-ასოციაციური მექანიზმი, რომელიც დაფუძნებულია ხელშეწკრულებაში მონაწილე მხარეების პატიოსნებასა და ურთიერთნდობაზე. პატიოსანი საქციელი ქმნის რეპუტაციას. მხარეებს შორის ყალიბდება არა მტრული, არამედ თანამშრომლობის პარტნიორული ურთიერთობები;;

გ)  აგრესიის მექანიზმი, რომელიც ემყარება პირდაპირ ძალადობას საკანონმდებლო სფეროს გარეთ.

არსებობს ორი სახის კავშირი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ მექანიზმებს შორის. პირველი აერთიანებს (ა) და (ბ) მექანიზმებს პოზიტიური დამატებითი ურთიერთობის ფარგლებში. ორივე მექანიზმის მოქმედება ურთიერთგაძლიერებულია. რაც უფრო შეძლებს ბიზნესი  ენდოს იურიდიულ მეთოდებს კერძო კონტრაქტების უზრუნველსაყოფად, მით უფრო იშვიათად მოუწევს მიმართოს იურიდიულ პროცედურებს. საჩივრის შეტანის საფრთხე ძალზე რეალური ხდება მაშინაც კი, თუ მას იშვიათად მიმართავენ. ბიზნესის წარმომადგენლებს  ესმით, რომ არაკეთილსინდისიერი საქციელი წამგებიანია, მაშინ, როცა პატიოსანი საქციელი მომგებიანი ინვესტიციაა.

რაც უფრო მეტია ურთიერთნდობა ბიზნეს პარტნიორებს შორის, მით ნაკლებია სასამართლო საქმეები. ეს ასუსტებს სასამართლო სისტემაზე ზეწოლას, აჩქარებს იურიდიულ პროცედურებს და კიდევ უფრო აძლიერებს ნდობას სამართლებრივი სასამართლო-ბიუროკრატიული მექანიზმის მიმართ.

კავშირის მეორე ტიპი წინააღმდეგობას უქმნის (ა) და (ბ) მექანიზმებს (გ) მექანიზმთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში დესტრუქციული ჩანაცვლების სიტუაცია წარმოიქმნება. თუ პირველი ორი  იურიდიული მექანიზმი ვერ ფუნქციონირებს გამართულად, ვაკუუმი ივსება მესამე, უკანონო მექანიზმით. რაც უფრო მეტად ეყრდნობა  ბიზნესი მექანიზმ (გ)-ს და იყენებს უკანონო ზომებს, მით უფრო დაბალია კანონის ავტორიტეტი. რაც უფრო ეშინიათ მეწარმეებს ერთმანეთის, მით ნაკლებია ურთიერთნდობა მათ შორის. ვხედავთ, რომ ეს არის მანკიერი წრე, რომელშიც დესტრუქციული პროცესები ურთიერთძლიერდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სერიოზული დასკვნის გაკეთება შეგვიძლია საზოგადოებრივი მოქმედებების მიმართულების არჩევასთან დაკავშირებით. მთავარი ძალისხმევა არ უნდა იყოს კონცენტრირებული დანაშაულისა და მაფიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თუ ამოცანად ვისახავთ საქმიანი საზოგადოების „გასუფთავებას“. რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ (ა) და (ბ) პუნქტების გაძლიერებას, რაც თავისთავად შეამცირებს (გ) მექანიზმის  სივრცეს.

სახელმწიფოს შექმნა, რომელსაც შეიძლება ვენდოთ

წინა განყოფილებაში უპირატესად განხილული იყო მყიდველისა და გამყიდველის - ჰორიზონტალური ურთიერთობები, თუმცა ამავე დროს გაანალიზებულია სახელმწიფოს როლი ამ სფეროში. ახლა მივმართოთ ვერტიკალური ურთიერთობების  კვლევას სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის. რა არის საჭირო სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს შორის ნდობის დასამყარებლად და გასამყარებლად (უფრო სწორად სახელმწიფოსა და ისეთ ორგანიზაციას შორის როგორიცაა, მაგალითად, ფირმა)?

საინტერესოა პროექტის ამერიკელი მონაწილის, პროფესორ რ. ჰარდინის პოზიცია. მისი აზრით, ადამიანი უნდა გამოვიდეს არა ნდობიდან, არამედ იქიდან, რასაც ის ”ლიბერალურ უნდობლობას” უწოდებს. ნდობას გაფრთხილება უნდა, ის არ შეიძლება გაიფლანგოს.

გადავხედოთ პოლიტიკოსების საქციელს. მათი საქმიანობის ზოგადი განსჯისგან თავს შევიკავებ. ბევრ პოლიტიკოსს კეთილშობილი განზრახვები ამოძრავებს,  ემსახურება ჰუმანიზმის პრინციპებს და ხელმძღვანელობს მაღალი იდეებით, ან თუნდაც პატიოსნად წარმოადგენს გარკვეული ფენის, ჯგუფის, რაიონის ან ელექტორატის ინტერესებს. მაგრამ კეთილშობილი ზრახვები შეიძლება შეერიოს ნაკლებად კეთილშობილთან:

  • ძალაუფლების მოპოვების ან მისი შენარჩუნების სურვილთან;
  • მიცემული ხმების მაქსიმალური რაოდენობის მოგროვებასთან;
  • პოლიტიკური და ეკონომიკური კლიენტურის შექმნასთან;
  • და ბოლოს, უბრალოდ, როგორც თვით პოლიტიკოსების, ისე მათი ოჯახებისა და მეგობრების შემოსავლისა და სიმდიდრის ზრდასთან.

ბევრ პოლიტიკოსს არ შეუძლია ობიექტური იყოს მათი  პოლიტიკური მრწამსისა და პარტიისადმი ერთგულების გამო.

სახელმწიფოზე საუბრისას კიდევ ერთი - ბიუროკრატის ტიპი უნდა იყოს პერსონიფიცირებული. კიდევ ერთხელ, ნუ განვაზოგადებთ. ბევრი მათგანი ახლოს არის იდეალური ბიუროკრატის ტიპაჟთან, რომელსაც აღწერს მ. ვებერი - კომპეტენტური, პატიოსანი სახელმწიფო მოსამსახურე, რომელიც ხელმძღვანელობს პროფესიული მრწამსით და საზოგადოებრივი ინტერესით. მაგრამ მრავალი ბიუროკრატის ქცევა არ განისაზღვრება მხოლოდ ამ ფაქტორებით. ბევრი მათგანი მოწოდებულია დაიცვას ბიუროკრატიის (ან ცალკეული მისი ჯგუფის), როგორც კლასის ინტერესები. ბიუროკრატები, როგორც წესი, არ რჩებიან გულგრილი ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობის მიმართ და ზოგს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს კორუფციულ ცდუნებებს.

სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ რეალისტურად გაითვალისწინოს პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების  ქცევის უარყოფითი მხარეები. ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ არ ვენდობით სახელმწიფოს, ჩვენ უნდა შევქმნათ საჭირო ინსტიტუტები მოქალაქეებისა და მათი ორგანიზაციების დასაცავად. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტი - პარლამენტი - ეფექტიანად მუშაობდეს და პარტიებს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობას ან ოპოზიციაში არიან, იყოს პოლიტიკური მეტოქეობა.

მოქალაქეთა ინტერესების დამცველი  სხვა ინსტრუმენტებიც არსებობს. გადავხედოთ ზოგიერთ მათგანს.

1. კანონმდებლობის მომზადებაში მონაწილეობა. კანონისადმი ნდობა ძლიერდება, თუ საზოგადოება გრძნობს, რომ მონაწილეობა მიიღო კანონპროექტებზე მუშაობაში პირდაპირ, ან მათი წარმომადგენლების მეშვეობით. პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში ან საერთოდ უგულებელყოფენ ასეთი მონაწილეობას, ან ფორმალურ ხასიათს აძლევენ მას.

საკანონმდებლო "ქორეოგრაფია" სოციალიზმის დროს ასევე შეიცავდა იმას, რასაც "საზოგადოებრივი დებატების" სახელი ეწოდა, რომლის დროსაც განიხილებოდა  ცალკეული მნიშვნელოვანი წინადადება სპეციალური ინტერესის მქონე ჯგუფების წარმომადგენლების მიერ, ანუ იმ ადამიანების მიერ, რომლებიც მმართველმა პარტიამ წარგზავნა ხელმძღვანელ პოზიციებზე ამა თუ იმ ორგანიზაციაში.

 შესაძლოა, ადრინდელთან შედარებით პოსტსოციალისტურ ქვეყნებში მიღწეულია გარკვეული პროგრესი ამ სფეროში, მაგრამ ნამდვილი ღია საზოგადოებრივი დისკუსიები, ან მოსაზრებების  და პროფესიონალური მიდგომების შეჯახება ჯერ კიდევ საკმაოდ იშვიათია.

პოსტსოციალისტურ ქვეყნებში არ არსებობს სპეციალური კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების მონაწილეობას კანონმდებლობის მომზადების პროცესში. აქ ყველაფერი მთავრობისა და შესაბამისი ორგანოების შეხედულებისამებრ ხორციელდება. შესაბამისად, საჭიროა ისეთი კანონის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებას (თუნდაც მინიმალური ოდენობით), მისი ფორმების განსაზღვრას და იმ ვალდებულებების ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური ჯგუფების წარმომადგენლების ინფორმირებას და მათი პოზიციების განხილვას.

აქვე საჭიროა გაკეთდეს პატარა შენიშვნა: დავუშვათ, ასეთი კანონი მიღებულია. როგორც სხვა ნებისმიერ კანონში, მასშიც ბევრი ხარვეზი იქნება. ქვეყნის ხელმძღვანელობა შეეცდება შეასრულოს იგი სრულად და ენერგიულად, ან ფორმალურად. ასევე არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ საზოგადოება მიაქცევს ყურადღებას ამ კანონს. მან შეიძლება ჩათვალოს, რომ ის პოლიტიკოსებისა  და იურისტების ინტერესთა სფეროს მიეკუთვნება.

2. ნეიტრალური, მიუკერძოებელი ინსტიტუტები. მოვიყვანოთ რამდენიმე მსგავსი ორგანიზაციების მაგალითები:

  • ცენტრალური ბანკი;
  •  საბანკო სისტემა და, შესაძლოა ზოგიერთი საზედამხედველო ფინანსური ინსტიტუტი;
  •  ორგანო, რომელიც ახორციელებს საფონდო ბირჟის საქმიანობის კონტროლს
  •  სახელმწიფო აღრიცხვის პალატა;
  •  ენერგეტიკული კომისია;
  • ანტიმონოპოლიური კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენციას.

რა აქვთ ამ ინსტიტუტებს საერთო? სავარაუდოდ, ისინი გვერდზე რჩებიან  ყოველდღიური პოლიტიკური ბრძოლიდან, ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს და მიუკერძოებლობას. მათ გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ მხოლოდ პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე. მათი ლიდერების პატიოსნება და პროფესიონალიზმი გარანტია უნდა იყოს იმისთვის, რომ ისინი პოლიტიკური ბრძოლის მაღლა დგანან და არ მონაწილეობენ პარტიულ ინტერესებში. ასეთი მოლოდინები ძალიან მოგვაგონებს იმას, რასაც საზოგადოება ელის დამოუკიდებელი სასამართლოებისგან.

 ჩვენ ჩამოვთვალეთ მხოლოდ ექვსი დაწესებულება, მაგრამ მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ისინი ახორციელებენ სახელმწიფო რეგულირების ფუნქციებს და / ან კონტროლს არა მხოლოდ საჯარო სექტორში ან ეკონომიკაში, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებშიც.

რომელი ერთიც არ უნდა განვიხილოთ ამ დაწესებულებებიდან, მოცემული მოლოდინების რეალიზაციის შესრულებისას წარმოიშობა უამრავი პრობლემა. დავიწყოთ ნეიტრალური და მიუკერძოებელი ინსტიტუტების ლიდერების შერჩევითა და დანიშვნით. ეს შერჩევა, რასაკვირველია, განგების მიერ არ ხორციელდება. ვინმეს (შესაძლოა პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის ხელმძღვანელს, ან ქვეყნის პრეზიდენტს) აქვს გარკვეულ თანამდებობაზე კანდიდატურის დასახელების უფლებამოსილება. სხვას ან სხვებს აქვთ უფლება განიხილონ მოცემული კანდიდატურა მისი ამ თანამდებობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. და ბოლოს, ვიღაც აწერს ხელს დანიშვნის ბრძანებას. ასეთი პროცედურა მიუთითებს იმაზე, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ თანამდებობაზე დანიშვნა ვერ იქნება  სრულიად დამოუკიდებელი.

ნეიტრალური ინსტიტუტის ხელმძღვანელი შეიძლება აღმოჩნდეს რომელიმე პოლიტიკური ხაზის   მხარდამჭერი და სინამდვილეში იქნება ლოიალური იმ პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის მიმართ, რომლის მეშვეობითაც მან მიიღო თავისი პოსტი.

ნდობა შეუძლებელია კონტროლის გარეშე. ხშირ შემთხვევაში ის არ ხორციელდება, ან ხორციელდება მხოლოდ ფორმალურად. შედეგად ირღვევა კავშირი ლიდერისთვის კონკრეტული პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მის მიერ  სამსახურებრივი მოვალეობების აღსრულებას შორის. ერთის მხრივ, თუ ასეთი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ინიშნება თანამდებობაზე ხანგრძლივი ვადით  (შესაძლოა სიცოცხლის განმავლობაში), ეს აძლიერებს მის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას. მეორეს მხრივ, ასეთ დანიშვნას აქვს თავისი უარყოფითი მხარეები: მის საქმიანობაზე კონტროლი კიდევ უფრო შესუსტებულია. თქვენ არ შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ადამიანი, რომელიც ცუდად მუშაობს.

ჩვენ ხშირად ვაწყდებით წინააღმდეგობას, რომელიც ახასიათებს სახელმწიფოს დემოკრატიული ფორმით ორგანიზებას. საზოგადოების დემოკრატიული მოწყობის მნიშვნელოვანი გარანტიაა მრავალპარტიული სისტემა, პარტიული მეტოქეობა და მთავრობის დამოკიდებულება საპარლამენტო უმრავლესობაზე.

ამავე დროს, კარგად ჩანს მოქალაქეებში იმ ადამიანებისადმი ნდობის გამოღვიძების სურვილი, ვინც ასრულებს სახელმწიფოებრივ ფუნქციებს, არიან თავიანთი საქმის ექსპერტები და მუშაობენ პარტიისა და პარლამენტის საშინაო პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად. წარმომადგენლობით დემოკრატიაში ნდობა უნდა განმტკიცდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ფუნქციების დანიშნულ პროფესიონალებზე გადაცემით. ამ წინააღმდეგობამ ჯერ კიდევ ვერ მიიღო თავისი თეორიული გადაწყვეტა.

3. რეფერენდუმები. პირდაპირი დემოკრატიის ინსტიტუტების ფართო გამოყენების იდეას იცავდა  პროექტის შვედი მონაწილე, პროფესორი ბ. ფრეი. მან ყურადღება მიაქცია მის რიგ უპირატესობებს. საპარლამენტო ან ადგილობრივი არჩევნების დროს ამომრჩეველი ხმა აძლევს პარტიას ან კანდიდატს. ეს ნიშნავს "პაკეტის" არჩევას, რადგან პარტია ან კანდიდატი წარმოადგენს კონკრეტულ პოზიციებს

რიგ საკითხებზე. ამომრჩეველი შეიძლება არ ეთანხმებოდეს პარტიას ან კანდიდატს რომელიმე საკითხში, მაგრამ მაინც მისცეს ხმა მათ პოლიტიკურ ფილოსოფიასთან და წინა საქმიანობასთან, ან სულაც პრობლემური საკითხებისადმი მათი მიდგომების უმეტესობასთან თანხვედრის გამო.

ამრიგად, ამომრჩეველი "ყიდულობს" სასურველს "პაკეტს", რომლის ნაწილზეც  მან უარი თქვა. ამავე დროს რეფერენდუმები მოქალაქეებს საშუალებას აძლევენ ხმა მისცენ კონკრეტულ საკითხებს და არა - "პაკეტს". ეს ასტიმულირებს მოქალაქეთა კონსტრუქციულ აზროვნებას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობას. სახელმწიფოს მიერ ინიცირებული მსგავსი აქციები უფრო ღრმად აღვიძებს მისდამი მოქალაქეთა ნდობას.

რეფერენდუმი შეიძლება ჩატარდეს არა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის საკითხების გარშემო,  არამედ მცირე ადმინისტრაციული ერთეულებისთვისაც ( მაგალითად, ქალაქები ან სოფლები). ეს ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესის უფრო მეტ დეცენტრალიზაციას.

აქ ისევ აუცილებელია პატარა შენიშვნა: არასწორია იმის თქმა, რომ რეფერენდუმმა, როგორც ინსტიტუტმა, შეიძლება თავიდან აიცილოს შიდა პოლიტიკის გავლენა. ხშირ შემთხვევაში, რეფერენდუმის ჩატარება პირდაპირ ან ირიბად ინიცირებულია პოლიტიკური პარტიების ან სხვა ორგანიზებული პოლიტიკური ძალების მიერ. იგივე ძალებს შეუძლიათ გავლენა ან თუნდაც მანიპულირება მოახდინონ ამომრჩეველთა ქცევაზე. რა თქმა უნდა, შეუძლებელია პირდაპირ დემოკრატიაზე სწრაფი გადასვლა. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს  მის პირობებში ცხოვრება. სხვადასხვა სახელმწიფოებრივი ან საკანონმდებლო საკითხების რეფერენდუმის სახით დაყენების პრაქტიკა უნდა ინერგებოდეს მუდმივად და ეტაპობრივად.

4. არასამთავრობო ორგანიზაციები. მნიშვნელოვანი როლი ნდობის აღდგენაში შეუძლიათ შეასრულონ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეთა ნებაყოფლობითმა ასოციაციებმა. ჩვენი დისკუსიების დროს, არაერთხელ აღვნიშნეთ რ. პუტნამის კლასიკური ნაწარმოები, რომელიც ეძღვნება ჩრდილოეთ იტალიაში  დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.  მას მოჰყავს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ, ერთი მხრივ, მოქალაქეთა გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობასა და აქტივობას შორის მჭიდრო კორელაციაზე, და მეორე მხრივ - საზოგადოების წევრთა ურთიერთნდობაზე. ეს ურთიერთნდობა ქმნის "სოციალურ კაპიტალს". რაც უფრო აქტიურად ეკონტაქტებიან მოქალაქეები ერთმანეთს და რაც უფრო დიდია იმ ორგანიზაციების რიცხვი, სადაც ისინი ახერხებენ ამ კონტაქტებს, მით უფრო იზრდება „სოციალური კაპიტალი“. პუტნამის პიონერული ნამუშევარი დაფუძნებულია რამდენიმე ემპირიულ კვლევაზე.. ზოგიერთმა მათგანმა დაადასტურა მისი საწყისი ჰიპოთეზა, ზოგიერთმა კი- არა. მართლაც არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკური გამიჯვნის ზემოთ დგანან, მაგრამ ამავე დროს, ბევრი მათგანი რომელიმე პოლიტიკური ძალის ღია ან საიდუმლო გავლენის ქვეშ არიან, ან შეიქმნენ მათი მონაწილეობით.

რაც უფრო სეგმენტირებულია საზოგადოება (პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური თვალსაზრისით), მით უფრო ძლიერია "სამოქალაქო საზოგადოების" ორგანიზაციების ურთიერთ უნდობლობა.

5. საერთაშორისო ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირში შესვლას, ევროკავშირი - ყველაზე  მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა. შეგვიძლია დავასახელოთ სხვებიც, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და მსოფლიო ბანკი (WB); ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO); შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს სხვა სააგენტოები. რა თქმა უნდა, მოქალაქეებს მეტი იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევა უზრუნველყოფს ეროვნული მთავრობების, ან პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების მიერ მათი უფლებების ბოროტად გამოყენებისა და უმოქმედობისგან გარკვეულ დაცვას. ამისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ატიპიური პნევმონიის ბოლოდროინდელი მაგალითი, როცა WHO – ს აქტიური ჩარევა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობას ეღიარებინა პრობლემის სერიოზულობა და მიეღო ადეკვატური ზომები. ცალკეულ შემთხვევაში  სავალუტო ფონდმა მხარი დაუჭირა პოსტსოციალისტური ქვეყნების გრძელვადიან ეკონომიკურ ინტერესებს და გააკრიტიკა ფინანსების პოპულისტური ხარჯვა ნაციონალური მთავრობების მიერ. კვლავ უნდა გაკეთდეს შენიშვნა: გამოცდილება აჩვენებს, რომ არც საერთაშორისო ორგანიზაციები არიან უცოდველნი. ხშირად მათი ჩარევა მტკივნეულია და უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი. თუნდაც მაშინ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიცია სწორია, მას ყოველთვის არ შეუძლია დაძლიოს ნაციონალური მთავრობისა და ბიუროკრატიის წინააღმდეგობა.

აღსანიშნავია, რომ ხუთიდან თითოეული პუნქტის განხილვის დასრულების შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ დასკვნებს: დიახ, ამ ინსტიტუტს შეუძლია ითამაშოსძალიან სასარგებლო როლი, მაგრამ იქვე მისი გავლენა შეზღუდულია და შეიძლება უარყოფითი შედეგებიც კი გამოიწვიოს. ხალხს შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ნებისმიერი ინსტიტუტის უფლებები და ძალაუფლება; ფაქტია, რომ საუკეთესოდ დაპროექტებული და ორგანიზებული   ინსტიტუტის გაცურებაც კი შესაძლებელია.

გამოვთქვამთ რამდენიმე მოსაზრებას ეკონომიკურ თეორიასთან დაკავშირებით.

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვიღაცისთვის "ინსტიტუციონალური ეკონომისტის" წოდება"დამამცირებლად მიიჩნეოდა. რაც იმას ემყარებოდა, რომ თითქოსდა, ადამიანს არ შეუძლია ეკონომიკური მოვლენების სწორად გაანალიზება, მოდელების შექმნა  და მათი გამოყენება გარკვეული დასკვნების გაკეთების მიზნით. მას მხოლოდ სიტყვიერად შეუძლია აღწეროს ეკონომიკური ინსტიტუტები. მაგრამ რამდენი წლის წინ სიტუაცია შეიცვალა. ალბათ გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა დ. ნორტისთვის ნობელის პრემიის მინიჭება ეკონომიკაში 1993 წელს, რამაც ნათლად აჩვენა ინსტიტუციონალიზმის სამეცნიერო მნიშვნელობა. მას შემდეგ ამ მიმართულებამ განვითარების ახალი ბიძგი მიიღო და გახდა ძალიან მოდური. რაც ხშირად ხდება ასეთ შემთხვევაში, ამის შემდეგ იწყება ინსტიტუციონალიზმის მნიშვნელობის გაზვიადების პერიოდი, როდესაც სწორი, ხშირად გამოყენებული მიდგომა აბსურდულობამდე დავიდა. რა პრობლემასაც არ უნდა შეხებოდნენ, პასუხი წინასწარ მზად იყო: ის წარმოიშვა ინსტიტუტების არასრულყოფილების გამო და მაშასადამე, ეს პრობლემა რომ აღმოვფხრათ, აუცილებელია ახალი შესაბამისი ინსტიტუტების შექმნა.

ამ სტატიის პირველი ორი ნაწილი ხაზს უსვამს ინსტიტუტების მნიშვნელობას. აუცილებელია შეგნებულად ჩამოვაყალიბოთ ისეთი ინსტიტუტი, რომელიც გაუმკლავდება ამა თუ იმ ამოცანის გადაჭრას და იმავდროულად შევუქმნათ პირობები მის სპონტანურ განვითარებას. თუმცა საუკეთესო ინსტიტუტიც კი შეიძლება გამოყენებულ იქნას არც თუ ისე საუკეთესო მიზნებისთვის.

მრავალი შესაძლო ფაქტორიდან აქ გამოვყოფთ მხოლოდ ერთს:  ინსტიტუტის ხელმძღვანლის სუსტი ხასიათი. რასაც არ უნდა განსაზღვრავდეს კანონი გარეგნულად ნეიტრალური, მიუკერძოებელი ინსტიტუტის შესაქმნელად,  მისი ყველა მოთხოვნა ილუზორული იქნება, თუ ინსტიტუტის ხელმძღვანელი  აღმოჩნდება მორჩილებაში მთავრობასთან, ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალასთან მიმართებაში. თუ დაწესებულება დაფუძნებულია წინაპირობაზე, რომ მის ლიდერში პერსონიფიცირებულია პროფესიონალიზმი, ობიექტურობა და ზნეობრივი პატიოსნება,მაგრამ სინამდვილეში ლიდერი არაკომპეტენტური, შეზღუდული, არაობიექტური და თუნდაც კორუმპირებულია,  ასეთი ინსტიტუტის არსებობას აზრი აღარ ექნება.

პოსტსოციალისტურ ქვეყნებს კარგი შანსი აქვთ მიიღონ საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ისეთი კანონმდებლობა და რეგულირების სხვა ზომები, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიის თანამედროვე ტიპებსა და კერძო საკუთრებაზე. ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა სახელმწიფოს მიმართ ნდობის შესაქმნელად. როგორ მუშაობს ხელმძღვანელთა შერჩევის მექანიზმები? ვინ არის პირადად პასუხისმგებელი ინსტიტუციების ფუნქციონირებაზე? შეეფერებიან თუ არა ისინი დასახული ამოცანების გადაწყვეტას? ამზადებენ თუ არა ადამიანებს, რომლებსაც უნარის შესწევთ ახალი ამოცანების გადასაჭრელად?

ნდობის გამყარების სტრატეგია

სტატიის წინა ნაწილის ბოლოს ფორმულირებულ საკითხებს მივყავართ ჩვენი სტატიის მესამე თემაზე -  როგორი უნდა იყოს ნდობის აღდგენის სტრატეგია? არსებობს კი ”პრიორიტეტული ამოცანები”, რომელთა სწრაფად გადაჭრამ  შეიძლება მკვეთრად დააჩქაროს მთელი პროცესი, ან "საკვანძო რგოლები" მათ ჯაჭვში? პროექტის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, შვედი პოლიტოლოგის ბ. როტშტეინის აზრით, აუცილებელია ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რათა სახელმწიფო ბიუროკრატია გახდეს მკაცრი, პროფესიონალური და არაკორუმპირებული. პროექტის ამერიკელი მონაწილე, ე. უსლანერი თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აღზრდაა. საზოგადოების წევრები საკმარისად სოციალიზირებულები უნდა იყვნენ, რათა მათი საქციელი შეესაბამებოდეს ზნეობრივ ნორმებს და პრინციპებს.

უნგრეთში კორუფციისა და და საზოგადოებრივი რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდა არა როგორც დეკლარირებული პროგრამა, არამედ როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკა. ამავე დროს, ტელევიზიის, პარლამენტის და პრესის განხილვის სივრციდან ამოვარდა ნდობისა და პატიოსნების მრავალი სხვა ასპექტი. თითქმის არ მოიხსენიება,   თუ როგორ მოატყუა ერთმა ბიზნესმენმა მეორე, როგორ ატყუებენ გამყიდველები  მყიდველებს, მშენებლები - მომავალი სახლის მესაკუთრეებს, ხოლო მოვალეები - კრედიტორებს. პრაქტიკულად არ არის გამოკვლეული (გარდა ცალკეული შემთხვევებისა, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში) პროფესიული სტანდარტების  ხარისხი და ე.წ. ობიექტური ინსტიტუტების მიუკერძოებლობა.

ჩვენი სამეცნიერო ჯგუფის წევრები ვერ მივიდნენ კონსენსუსთან იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს. ასეთი ამოცანა ჩვენს წინაშე არც იდგა. თუ მთავრობა ან პარლამენტი შექმნის კომისიას, რომელიც შეისწავლის ამ საკითხს,  აუცილებელია მოამზადდეს პრაქტიკული რეკომენდაციები შიდა დისკუსიებისა და შეთანხმებების შემდეგ. ჩვენს ჯგუფში ასეთი კომისია არ არსებობდა. ჩვენ განვიხილავდით ფრიად

მნიშვნელოვან თემას და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო მკაფიოდ ჩამოგვეყალიბებინა პრობლემა, გამოგვეყო უარყოფითი შედეგების მომტანი ფაქტორები და რაც შეიძლება ღრმად ჩაგვეხედა შესაბამის მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებებში. ზოგიერთმა ჩვენგანმა მიაღწია პრაქტიკული ფორმულირების დონეს, სხვები შემოიფარგლნენ პრობლემის ანალიზით. გარკვეული რეკომენდაციებს  პროექტის ყველა ან თითქმის ყველა მონაწილე  ეთანხმებოდა, დანარჩენებმა კი გამართეს აქტიური დისკუსია.

მე გამოვდივარ წინაპირობიდან, რომ არ არსებობს ”პრიორიტეტები” და ”საკვანძო რგოლები“ და ნურც  შეეცდებით მათ მოძებნას. ჩვენ წინაშე ძალიან რთული ამოცანების კომპლექსი დგას. თუ ზოგიერთი მათგანი უგულებელყოფილია, მაშინვე თავს იჩენენ პრობლემები და ურთიერთნდობა გაქრება. სწრაფი დარტყმით ამის მოგვარება შეუძლებელია. ამ კამპანიაში მუდმივად ყველა ფრონტის მიმართულებით უნდა უტევდეთ.

სტრატეგიის დაგეგმვისას მნიშვნელოვანი ამოსავალი წერტილი არის იმის გათვალისწინება, რომ ასეთი მოვლენები  მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული, თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სპეციფიკურ რეგიონში, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის საზოგადოებაში.

ბევრი პრობლემა, მათ შორის ამ სტატიაში განხილული, ახასიათებს უკლებლივ ყველა ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე. ამის მიუხედავად, ისტორიის მიმდინარეობა დღევანდელ დღემდე დიდწილად განპირობებულია იმით, თუ როგორ მიიღება ესა თუ ის გადაწყვეტილება. ვგულისხმობ ხშირად ნახსენებ ეფექტს ”წინა განვითარების ტრაექტორიაზე დამოკიდებულებას“ (path dependence). თუნდაც ორი ქვეყანა თუ არის ძალიან მსგავს მდგომარეობაში, როგორც წესი, მათ განსხვავებული ისტორიული გზებით მიაღწიეს ამ მდგომარებას. ეს ისტორიკოსისთვის აშკარაა, მაგრამ ხშირად ბევრს ავიწყდება, რომლებიც რეკომენდაციას იძლევიან მექანიკურად გადმოაკოპირონ უცხოური გამოცდილი ინსტიტუტები, რეგულირების ნორმები და ორგანიზაციის ფორმები.

პოსტსოციალისტური ქვეყნების წინაშე მდგარი ამოცანები შეიძლება გავაერთიანოთ ორ ჯგუფად, რასაც განსაზღვრავს მათი გადაწყვეტისთვის საჭირო სიჩქარე და წარსულიდან მემკვიდრეობით მიღებული პირობები. პირველ ჯგუფში შედის საკანონმდებლო, სასამართლო და ინსტიტუციური ამოცანები. ისინი დაკავშირებულია პოლიტიკური დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის ნორმებთან შეთავსებით სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნასთან, რომელშიც დომინირებს კერძო საკუთრება. ეს უზრუნველყოფს ეკონომიკური აგენტებისადმი ნდობის გამყარებას, მოქალაქეთა დაცვას თანამდებობის პირთა თვითნებობისაგან და თავისი მოქალაქეების ნდობის ღირსი სახელმწიფოს შექმნას.

რა მემკვიდრეობა დაგვრჩა ამ მხრივ სოციალიზმისგან? რა თქმა უნდა, კონსოლიდირებული სოციალისტური სისტემის ფარგლებში, არ შეიძლება ლაპარაკი რევოლუციური არასამართლებრივი სახელმწიფოს შენარჩუნებაზე. პირიქით, აქ თითოეული მოქმედება მილიონობით ნორმით და ინსტრუქციით რეგულირდება. ამ მკვრივი "ქსოვილის" გახლეჩა ვერ მოხერხდა მახვილის რამდენიმე თამამი მოქნევით 1989-1990 წლებში. რიგმა ქვეყნებმა (მაგალითად, რუმინეთმა) განსაკუთრებული მოვლენები განიცადეს, მაგრამ მთლიანობაში რეგიონი ხასიათდებოდა მშვიდობიანი გადასვლით. იურიდიული სტრუქტურის  "ქსოვილი" დაიშალა და ბევრ მცირე დეტალში ნაწილ-ნაწილ თავიდან აეწყო. ეს არც ისე შესამჩნევია, მაგრამ უფრო ეფექტიანია და მისაღები. ყველა წინა ნორმა ძალაში რჩებოდა მათ ინდივიდუალურ გადასინჯვამდე. ზოგიერთი წინა კანონი მთლიანად შესაცვლელი  და ახლიდან შესაქმნელი იყო. ბევრი ახალი კანონის მიღება გახდა საჭირო, რომ დარეგულირებულიყო ის მოქმედებები და დამოკიდებულებები, რომლებიც სოციალიზმის პირობებში არ არსებობდა.

ევროპული ბანკის თანამშრომელი მ. რეიზერი ჩვენი ერთ – ერთი მონაწილეა, რომელმაც წარმოადგინა  შემდეგი რეალობის დამადასტურებელი სტატისტიკური მონაცემები:  რაც უფრო წინ არის წასული ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო რეფორმები, მით უკეთ მუშაობს სახელმწიფოებრივი ადმინისტრაცია და მით უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებს სასამართლოების საქმიანობა, და მით უფრო ძლიერია საქმიან პარტნიორებს შორის ურთიერთნდობა.

სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას შეუძლია მიაღწიოს იმ ეტაპს, როდესაც ეს ამოცანა მეტწილად შესრულებულია. ამ გაგებით, პოსტსოციალისტურ სახელმწიფოს შეუძლია დაეწიოს იმ ქვეყნებს, სადაც უკვე ფუნქციონირებს თანამედროვე, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც სოციალისტურ ექსპერიმენტებზე გადასვლის გარეშე  განვითარდა. რამდენიმე პოსტ-სოციალისტური ქვეყანა უკვე არის ამ ეტაპზე:  უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვენია და ბალტიის ქვეყნები. სხვები ჯერ კიდევ შორს არიან მომწიფებული, დემოკრატიულ-კონსტიტუციონალური ფორმისაგან. მათ ამ გზის მხოლოდ ნახევარი გაიარეს. ეს ეხება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტეს ნაწილს. მაგრამ მათთან მიმართებაშიც ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რომელი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ამოცანები იქნება გადასაჭრელი უახლოეს მომავალში.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს პროცესის საბოლოოდ დასრულებას. არსებული კანონების გაუმჯობესებისა და ინსტიტუციების განვითარების საჭიროება დარჩება. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების გავლენა, ძვრები მოსახლეობის სტრუქტურაში, ცვლილებები გარემო სამყაროში და ა.შ. ხელს შეუწყობს  ახალი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ამოცანების წარმოქმნას. ამ გაგებით, ეს პროცესი უსასრულოა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამუშაოების უმეტესი ნაწილი უნდა შესრულდეს გარდამავალი პერიოდის დასაწყისში. ასეთ ამოცანებს ვერ გადავჭრით შოკური თერაპიით თუ ზედმეტი სიჩქარით. აქ  უნდა ვიმოქმედოთ თანდათანობით, ეტაპობრივად, რამდენიმე წელზე გათვლით. ისტორიული საზომის მიხედვით, ეს პერიოდი მოიცავს დაახლოებით 10-20 წელიწადს. მას შემდეგ, რაც პრობლემა მეტნაკლებად მოგვარდება, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის სამართლებრივი სახელმწიფოს „შეკეთება“ და „განახლება“.

მეორე ჯგუფი მოიცავს განსხვავებულ ამოცანებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დაკავშირებულია ადამიანთა მენტალიტეტთან. პირველ რიგში, აუცილებელია წარსულის მემკვიდრეობის გადალახვა. კომუნისტურმა რეჟიმმა ადამიანთა გონებაში შექმნა ნდობისა და ეჭვის  უცნაური ალიანსი. მეგობარს ვენდობი, მაგრამ  არ ვიცი ჩემი უახლოესი მეგობრების წრის გარეთ ვინ არის ჩამშვები.  მე ეჭვით ვუყურებ პარტიისა თუ სახელმწიფოს ნებისმიერ ორგანიზაციას, იქნება ეს პოლიცია, საგადასახადო სამსახური ან ადგილობრივი საბჭო. ხალხი ჩართულია ნდობის მრავალრიცხოვან ქსელებში. თუ რაიმე დეფიციტს წარმოადგენს, მისი შოვნა შეიძლება ასეთი ქსელის სხვა წარმომადგენლის დახმარებით და არა პატიოსანი გარიგებების საშუალებით შესაბამისი ნაღდი ფასით. პირიქით, ასეთი ქმედება ითვლება სამოქალაქო სიმამაცის პოლიტიკურ აქტად, რომელიც ხშირად ხორციელდება უფროსების მიერ და რასაც ბავშვებიც სწავლობენ.

შემდეგ დადგა 1989-1990-იანი წლები. განა მოსალოდნელი იყო ასე ღრმად ფესვებგადგმული ჩვევების მალე გაქრობა?

1990-იანი წლების შუა პერიოდში ერთხელ ვუსმენდი რადიოგადაცემას, რომლის წამყვანიც თხოვდა აუდიტორიას აეხსნა მისთვის, თუ როგორ ახერხებდნენ საბაჟო ორგანოების მოტყუებას საზღვარგარეთ გატარებული შვებულებიდან დაბრუნებისას. ხალხი სათითაოდ რეკავდა და ტრაბახობდა, თუ როგორ მოახერხეს კანონის დარღვევა და სახელმწიფოს მოტყუება. რა თქმა უნდა, ეს ასევე ხდება ყველაზე კანონმორჩილ ქვეყნებშიც. მთავარი განსხვავება მოტყუების სიხშირე კი არ არის, არამედ ასეთი საქციელის სოციალური მიუღებლობაა. აშშ-სა და ნორვეგიის რადიოწამყვანი ვერც კი დასვამდა მსგავს შეკითხვას და მოპასუხე არც იტრაბახებდა საბაჟო ორგანოების მოტყუებით. ყველგან ხდება გადასახადების თავიდან აცილება, მაგრამ მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებში ადამიანები გრძნობენ სირცხვილს და არ იწონებენ თავს საზოგადოებაში ასეთი საქციელით.

პოსტსოციალისტური გარდატეხის პროცესმა მოიტანა ზნეობრივი დაბნეულობა. მრავალი ადამიანის გონებაში კვლავ ფეხგადგმულია ძველი პრინციპები, მაშინ, როცა სხვები ქცევის ახალ და ძველ ნორმებს ერთდროულად მისდევენ, თუმცა ისინი სრულიად შეუთავსებელია. განვიხილოთ ერთი მაგალითი.

ხალხმა ხშირად არ იცის როგორ უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ მათი თანამოქალაქეების შემოსავალი და სიმდიდრე გაიზარდა. პროექტის ერთ – ერთმა მონაწილემ ა. ორკენმა და მისმა თანაავტორებმა ეს ფენომენი შეისწავლეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და სხვა მრავალი სახელმწიფოს მაგალითზე. რესპონდენტებს ჰკითხეს, რა ფაქტორებით აიხსნება სხვისი სიმდიდრე. თითოეულ შემთხვევაში, რამდენიმე ვარიანტი იყო შემოთავაზებული, როგორიცაა შრომისმოყვარეობა, კავშირები და არაკეთილსინდისიერება. არსად რესპონდენტები უარს არ ამბობენ რომელიმე ფაქტორის დასახელებაზე, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რესპონდენტთა უმრავლესობამ ხაზი გაუსვა  პირად კავშირებს და, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერებას, როგორც სიმდიდრის წყაროს. ეს აშკარად ახასიათებს რეგიონში მცხოვრები ადამიანების მენტალიტეტს. მათ არ შეუძლიათ შეეგუონ იმ ფაქტს, რომ ვინმეს შეეძლო პატიოსნად ბევრი ფულის შოვნა, თუმცა მსგავსი ახასიათებს კაპიტალისტურ სისტემას.

რთულია ორიოდე ათწლეულის განმავლობაში ხალხის მენტალიტეტის შეცვლა. ამ პროცესის სიჩქარე დიდად არის დამოკიდებული პიროვნების თვისებებზე.  სინამდვილეში, ეს პროცესი შესამჩნევად დაჩქარდება, როდესაც ძველი თაობა დაუთმობს ადგილს ახალს, რომელიც სულ სხვა პირობებში ყალიბდება და რომლის ზნეობრივი ნორმები და ქცევის მოდელები ფორმირდება  სხვა გავლენის ქვეშ. ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ უნდა დაველოდოთ, სანამ დრო  ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს და პასიურად ვუყუროთ საზოგადოებაში დამთრგუნველი უწესობისა და გაურკვევლობის გავრცელებას. ძირითადი ამოცანები - მოსახლეობის აღზრდა  და განათლება - უნდა გადავჭრათ ოჯახებში, სკოლებსა თუ ინსტიტუტებში. ბევრი სარგებლის (მაგრამ ზიანისაც) მოტანა შეუძლია პრესას და ტელევიზიას. ადამიანთა ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს საჯარო პერსონის სიტყვები თუ საქციელი. ამ პრობლემის მოგვარება ერთხელ და სამუდამოდ შეუძლებელია. ვუსურვებდი პოსტ-სოციალისტური ქვეყნების ყველა მოქალაქეს იმ მოთმინებასა და სიმტკიცეს,  რომელსაც ეს მოითხოვს.

ლიტერატურა:

References:

  • Building a Trustworthy State in Post-Socialist Transition; Creating Social Trust in Post-Socialist Transition (N.Y.: Palgravc Macmillan, 2002).
  • Reiser М., Rousso А., Stein F. Firms Trust? Evidence from a Survey of 26 Transition Economies. Collegium Budapest, 2003.
  • Radaev V. How Trust Is Established in Economic Relationships When Institutions and Individuals Are not Trustworthy (The Case of Russia). Collcgium Budapest, 2003.
  • Hardin R. Liberal Distrust. - European Review, 2001, vol. 1, p. 73-89.
  • Rose-Ackerman S. Public Participation and Government Accountability in Consolidating Democracies: Hungary and Poland. Collegium Budapest, 2003.
  • Rose-Ackerman S. Op. cit,; Sajo A. Neutral Institutions. Collegium Budapest, 2003.
  • Frcy В. Direct Democracy for Transition Countries. Collegium Budapest, 2003.
  • Putnam R. Making Democracy Work: Civic Traditions in Modern Italy. Princeton, Princeton University Press, 1993.
  • Putnam R. Bowling Alone: The Collapse and Revival of American Community. New York, Simon and Schuster, 2000, p. 19).
  • Rothstein В. Social Capital and the Quality of Government: The Causal Mechanism. Collegium Budapest, 2003.
  • Uslancr E., Badcscu G. Honesty, Trust and Legal Norms in the Transition to Democracy. Collegium Budapest, 2003; Uslancr E. The Moral Foundation of Trust. N.Y.: Cambridge University Press, 2002.
  • Orkeny A., Cscpcli G., Szekelyi M., Barna I. Blindness in Success: Social Psychological. Objectives on the Way to the Market Economy in Eastern and Central Europe. Collegium Budapest, 2003.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

იანოშ კორნაი (1928) - უნგრელი ეკონომისტი. პოსტკომუნისტური ეკონომიკური ტრანსფორმაციის პრობლემების მსოფლიოში აღიარებული მკვლევარი. წინამდებარე სტატია დაიბეჭდა უნგრულ ენაზე 2003 წელს ჟურნალში Bcszelo, vol. 8, p. 20-29 (Kornai J. Tisztesseg es bizalom a poszt-szocialista atmenct fenyebcn).  იმავე წელს ითარგმნა რუსულ ენაზე და დაიბეჭდა ჟურნალში “Вопросы экономики”, № 9. (2003). რუსულიდან თარგმანი შეასრულა პროფ. ე. მექვაბიშვილმა.